BLOGGER TEMPLATES AND TWITTER BACKGROUNDS

Thursday, July 16, 2009

მინდა

მე მინდა, ისევ ვიყო პატარა

დედამ მიკითხოს რაღაც ზღაპარი,

ძილის წინ მითხრას: - ღამე მშვიდობის,

შემომიკეცოს თბილად საბანი.

მინდა, ვირბინო თავსხმა წვიმაში

და გაციების არ მეშინოდეს,

მინდა, ვსწავლობდე უამრავ ახალს

და ყველაფერი გამომდიოდეს.

მინდა, ვაკეთო ზღვა სისულელე

და ამ ყველაფრის სულ არ მრცხვენოდეს.

მინდა, ვყვებოდე ურცხვად ტყუილებს

თითქოსდა, მართლაც გადამხდენოდეს.

მინდა, ვიტირო თუ მეტირება

და ჩემი გრძნობა აღარ დავმალო.

მინდა, თუ რაღაც არ გამომივა

ჩემს პატარობას გადავაბრალო.

მინდა, რომ ყველას უბრალოდ ვენდო

და აღარ მღრღნიდეს ბნელი ეჭვები.

მინდა, მჯეროდეს თოვლის ბაბუის

წყალში შორიდან ვყარო კენჭები.

მინდა ნახერხის სუნი სკოლაში,

მინდა უბრალო "კორჟიკი" დილით,

მინდა, ვაცდინო გაკვეთილები

მინდა თამაში, მინდა სიცილი.

მინდა, რომ ისევ ვიყო პატარა,

დედამ მიკითხოს რაღაც ზღაპარი...

იყო და არა, ნეტავ იყო რა?

ქატო იქაა, ფქვილი აქ არის...

2 comments:

Lalena said...

ხოოო, მე ხო შეგპირდი ჩემს შვილს აუცილებლად ეცოდინება ეს ლექსი... მომწონს, მომწონს, ძალიან მომწონს :*

corrupted said...

გაიხარე... პაჩი!... :)